ერეკლე II-ის სახელობის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ პედაგოგმა მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
ერეკლე II-ის სახელობის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ პედაგოგმა მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

თელავის მეფე ერეკლე II-ის სახელობის პირველ საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგი მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც სკოლის დირექტორმა, მაია ოთარაშვილმა განაცხადა, შემთხვევა საგაკვეთილო პროცესზე მოხდა, რაც სათვალთვალო ვიდეო კამერებმაც დააფიქსირა.

„სკოლაში ეს შემთხვევა 22 იანვარს საგაკვეთილო პროცესზე მოხდა. კამერებმა დააფიქსირეს, როგორ ეხება ფიზიკურად პედაგოგი ბავშვს. ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რის შემდეგაც დავწერე წარდგინება და მივმართე სკოლის დისციპლინურ კომიტეტს“, – განაცხადა დირექტორმა

სკოლის დისციპლინური კომიტეტი მომხდარს სწავლობს, რის შემდეგაც პედაგოგის მიმართ სკოლის შინაგანი წესით გათვალისწინებული სასჯელი დაეკისრება.

როგორც საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული ფაქტის შესახებ სამინისტრო ინფორმირებულია. „დირექტორმა გადასცა განსახილველად დისციპლინურ კომიტეტს, კომიტეტი შეისწავლის და გაატარებს შესაბამის ღონისძიებას“, – განაცხადეს სამინისტროში.

დატოვე კომენტარი