ერდოღანმა ყველაფერი წამართვა – თურქული ფეხბურთის ლეგენდა აშშ-ში ტაქსისტად მუშაობს
თურქეთის ნაკრების ყოფილმა ლიდერმა ჰაქან შუქურმა ჟურნალისტებს მოუყვა, როგორ ვითარდება მისი ცხოვრება პროფესიული კარიერის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ.
2016 წელს, შუქური პრობლემებს წააწყდა სოციალურ ქსელებში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის კრიტიკის გამო. ის აღიარეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრად, რის შემდეგაც ჰაქანი იძულებული გახდა, გადასულიყო სან-ფრანცისკოში, სადაც ყავის ბიზნესი გახსნა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მის კაფეში „უცნაურმა ხალხმა“ დაიწყო სიარული, ის პოლიციის დაცვის ქვეშ აღმოჩნდა, საქმით კი გამოძიების ფედერალური ბიურო დაინტერესდა. მოგვიანებით, ექსფორვარდი ვაშინგტონში გადავიდა, სადაც ტაქსის მძღოლად და წიგნების გამყიდველად დაიწყო მუშაობა.
„არსად არაფერი დამრჩა. ერდოგანმა ყველაფერი წამართვა – ჩემი უფლება თავისუფლებაზე, თვითგამოხატვაზე, მუშაობაზე…“ – მოჰყავს შუქურის სიტყვები გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-ს.
შუქური თურქეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია – მის ანგარიშზე 51 გოლია. თავისი კარიერის განმავლობაში (1987-2008), ჰაქან შუქური თამაშობდა „საქარიაში“, „ბურსაში“, „გალათასარაიში“, „ტორინოში“, „ინტერში“, „პარმასა“ და „ბლექბერნში“.