ერდოღანი - ვიდრე გვიანი არ არის, აშშ-მ უნდა გააცნობიეროს, რომ თურქეთს აქვს ალტერნატივები
ერდოღანი - ვიდრე გვიანი არ არის, აშშ-მ უნდა გააცნობიეროს, რომ თურქეთს აქვს ალტერნატივები

ვიდრე გვიანი არ არის, აშშ-მ უნდა გააცნობიეროს, რომ ორმხრივი ურთიერთობები „ასიმეტრიული“ არ არის და თურქეთს აქვს ალტერნატივები, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„უნილატერალიზმის ტენდენციის უცვლელობა და უპატივცემულობა, ჩვენგან მოითხოვს, ვეძებოთ ახალი მეგობრები და მოკავშირეები“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მხრიდან გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯები ვაშინგტონის ინტერესებსა და უსაფრთხოებას დააზარალებს. ერდოღანის განცხადებით, აშშ ვერასდროს იგებდა და პატივს არ სცემდა თურქი ხალხის წუხილებს. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ანკარა და ვაშინგტონი 60 წელი საერთო გამოწვევების წინაშე მხარდამხარ იდგნენ.

„ჩვენმა სამხედროებმა ერთად დაღვარეს სისხლი კორეაში. 1962 წელს კენედის ადმინისტრაციამ შეძლო, რომ საბჭოთა კავშირს კუბიდან რაკეტები გაეტანა და მაშინ იუპიტერის რაკეტები გავიდა თურქეთიდან და იტალიიდან. 11 სექტემბრის შემდეგ, ნატო-ს მისიის შესასრულებლად ჩვენ ჯარისკაცები გავგზავნეთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა აშშ-ს ფეთჰულა გიულენის მხარდაჭერისთვისაც უსაყვედურა და აღნიშნა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქი ხალხი მომხდარი ფაქტის ცალსახა დაგმობას ელოდებოდა, თუმცა ვაშინგტონის რეაქცია დამაკმაყოფილებელი არ იყო.

აშშ-სა და თურქეთს შორის დაძაბულობა, თურქეთში, ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაკავების შემდეგ გამწვავდა, რომლესაც გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ედება ბრალად. ვაშინგტონის მრავალი მოწოდების მიუხედავად, ანაკარამ პასტორი არ გაათავისუფლა. დაძაბულობის ზრდის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს სანქციები დაუწესა, თურქულ ალუმინსა და ფოლადს კი ტარიფები გაუორმაგა.