ერდოღანი - ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას შესაძლოა, თურქეთსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოჰყვეს
ერდოღანი - ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას შესაძლოა, თურქეთსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოჰყვეს

აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას, შესაძლოა, თურქეთსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოჰყვეს. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

„იერუსალიმი მუსლიმებისთვის წითელი ხაზია. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მძიმე დარტყმას მიაყენებს კაცობრიობას. ამერიკას მეტი პრობლემა არ აქვს და მხოლოდ ეს დარჩა? კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ამერიკას, რომ არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს კრიზისს რეგიონში“ – აცხადებს ერდოღანი.

მისი თქმით, იერუსალიმის დედაქალაქად აღიარების შემთხვევაში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია სტამბოლში შეიკრიბება და მთელ მუსლიმურ სამყაროს მოუხმობს.

ცოტა ხნის წინ, თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

იერუსალიმის დედაქალაქად აღიარებას ეწინააღმდეგება როგორც პალესტინური მხარე, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნაწილიც. მხარეები აცხადებენ, რომ მსგავსი ნაბიჯი რეგიონში დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.