ერდოღანი: ჩვენ და საბერძნეთი მეზობლები და მოკავშირეები ვართ, და არა მტრები
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოდის
„თურქეთი არ არის საბერძნეთის მტერი; ის მისი მეზობელი და მოკავშირეა ნატოს ფარგლებში, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-იორკში, „თურქულ სახლში“ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მომავალ წელს საბერძნეთში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა: „საბერძნეთის ან რომელიმე სხვა მეზობელი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას არ ვაპირებთ. ჩატარდება თუ არა არჩევნები საბერძნეთში, შეიცვლება თუ არა იქ მთავრობა ან ოპოზიცია – ეს ჩვენი საქმე არ არის“.
მისივე თქმით, „თურქეთის საზრუნავი საკუთარი უფლებები, უსაფრთხოება და ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვების რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა“.
„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად სენსიტიური და მნიშვნელოვანია, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიის იარაღად არ უნდა იყოს გამოყენებული. სწორედ ამ რაკურსით ვუყურებთ ამ უთანხმოებებს. ჩვენ საკუთარ დღის წესრიგსა და საქმეებზე ვართ ფოკუსირებულნი“, – დასძინა მან.
უფრო ადრე, ერდოღანმა მტკიცედ განაცხადა, რომ ანკარა ამერიკული F-35 ტიპის გამანადგურებლების პროგრამაზე წვდომას აღადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ვაშინგტონისგან „კონკრეტულ“ ნაბიჯებს ელოდება.
„დონალდ ტრამპმა პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა F-35-ის პროგრამაში თურქეთის დაბრუნების მიმართ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრების შემდეგ, სამშობლოში დასაბრუნებლად თვითმფრინავში ჩაჯდომამდე.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს მზაობა კონკრეტულ ნაბიჯებში აისახება. ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ“, – დასძინა მან.