ერდოღანი - აშშ-მა ნატო-ს წევრ თურქეთთან მოკავშირეობაზე მაღლა ერთი პასტორი დააყენა
ერდოღანი - აშშ-მა ნატო-ს წევრ თურქეთთან მოკავშირეობაზე მაღლა ერთი პასტორი დააყენა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირისადმი მუქარაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ვაშინგტონმა შეცდომა დაუშვა, როცა ოფიციალური ანკარას მისამართით მუქარის შემცველი ტონით დაიწყო საუბარი.

„ამერიკამ შეცდომა დაუშვა, როცა მუქარით დაიწყო ჩვენთან საუბარი. ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც სამართალს სცემს პატივს და მუქარას არ ემორჩილება. საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნატო-ს წევრ თურქეთთან და მის ერთგულ მოკავშირესთან მეგობრობაზე მაღლა ერთი პასტორის ინტერესი დააყენა“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თურქეთიდან იმპორტირებულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფები დააწესა. საპასუხოდ, ანკარამ ამერიკულ პროდუქციას ორმაგი ტარიფი დაუწესა. ტარიფების ომის ფონზე თურქეთის ეროვნული ვალუტა ლირა ბოლო ერთ კვირაში 20%-ით დაეცა.

თურქეთის მთავრობასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობა თავიდანვე ჩიხში შევიდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის და წარსულში პოლიტიკური მოღვაწე ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების მოთხოვნაა, რომელსაც ოფიციალური ანკარა 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

ვაშინგტონი გიულენის ექსტრადირებაზე უარს ამბობს. ამავდროულად, ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთში დაპატიმრებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლება მოითხოვა. ენდრიუ ბრანსონი გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დააპატიმრეს, რომელსაც 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. იგი ორი კვირის წინ შიდა პატიმრობაში გადაიყვანეს. თურქეთის მთავრობამ ვაშინგტონს ბრანსონის გათავისუფლების სანაცვლოდ გიულენის ექსტრადირება მოსთხოვა, რაზეც ხელახლა უარი მიიღო. ტრამპმა ღიად განაცხადა, რომ თურქეთთან დღეს ამერიკას ცუდი ურთიერთობა აქვს და ალუმინზე 20%-იანი, ფოლადზე კი 50%-იანი ტარიფი დააწესა.