ერდოღანი - ანკარა უახლოეს დღეებში ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყებას აპირებს
ერდოღანი - ანკარა უახლოეს დღეებში ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყებას აპირებს

ანკარა უახლოეს დღეებში ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თურქეთი შეტევას დაიწყებს ევფრატიდან აღმოსავლეთით, რომ გადაარჩინოს იქაური მოსახლეობა სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციისგან“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედი ქურთთა თავდაცვის რაზმები თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეები არიან. თურქეთი ორივე ორგანიზაციას ტერორისტულად მიიჩნევს, თუმცა ევროკავშირსა და აშშ-ს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში მხოლოდ „ქურთისტანის მუშათა პარტია“ ჰყავს შეყვანილი, რაც თურქეთის ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევს.

ერდოღანმა აშშ-ი ტერორისტების დაცვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები განთავსდნენ ტერორისტების გვერდიგვერდ და მათთან ერთად გადაადგილდებიან, რათა თურქეთს თავდაცვის საშუალება წაართვან.

თურქეთის მიერ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, სირიელი ქურთები წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ.

„ჩვენი ძალები მზად არიან, წინ აღუდგნენ ჩვენს ტერიტორიაზე ნებისმიერ თავდასხმას“, – განაცხადა ქურთთა თავდაცვის რაზმების წარმომადგენელმა ნური მაჰმუდმა, რომელმაც თურქეთი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერასა და რეგიონის რუკის შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულა.