ერაყში უკანასკნელ 12 საათში დემონსტრაციას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 350 კი დაშავდა
ერაყში უკანასკნელ 12 საათში დემონსტრაციას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 350 კი დაშავდა

ერაყში უკანასკნელ 12 საათში მიმდინარე დემონსტრაციას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 350-ზე მეტი პირი. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

მთავარი დაპირისპირება დედაქალაქ ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სახელისუფლებო შენობებია განლაგებული. აღნიშნულ რაიონში სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, დაღუპულებს არეულობის დროს სამართალდამცველების მიერ გასროლილი ცრემლსადენი აირის მოწყობილობები მოხვდათ.

ერაყში მასშტაბური დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. დედაქალაქ ბაღდადთან ერთად აქციები სხვა დიდ ქალაქებშიც იმართება. აქტივისტები სამუშაო ადგილების შექმნას, უკეთეს სოციალურ პირობებს და კორუფციის აღმოფხვრას ითხოვენ. ამ ხნის განმავლობაში დემონსტრაციების ფარგლებში არეულობების დროს საერთო ჯამში 150 ადამიანი დაიღუპა.

ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოსახლეობას აქციის გამართვის უფლებით სარგებლობა შეუძლია, თუმცა დასძინა, რომ ძალადობის მიმართ ხელისუფლება ტოლერანტული ვერ იქნება.

დატოვე კომენტარი