ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა, დაღუპულია ერთი ამერიკელი ჯარისკაცი
ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა, დაღუპულია ერთი ამერიკელი ჯარისკაცი

ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ერთი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე ამერიკელი და ერაყელი კი, დაშავდნენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანული გამოცემის ცნობით, ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, კირკუკთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე რვა სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ბაზაზე ერაყელი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. თავდასხმის დროს საწყობს ცეცხლი მოეკიდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა როგორც ცნობილია, აღნიშნულ რაიონში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ თავდასხმებს საკმაოდ ხშირად ახორციელებს.

ერაყში უკვე რამდენიმე თვეა, ვითარება საკმაოდ დაძაბულია. ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში ანტისახელისუფლებო დემონსტრაციები მიმდინარეობს. საპროტესტო აქციების დროს შეტაკებებს 460 ადამიანი შეეწირა, 25 ათასი კი, დაშავდა.