ერაყში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა
ერაყში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

ერაყში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“, ერაყის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ახალი ტიპის კორონავირუსს ემსხვერპლა ქალი, რომელსაც იმუნური სისტემა დაქვეითებული ჰქონდა; ასევე ქრონიკული დაავადების მქონე 65 წლის მამაკაცი.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერაყში კორონავირუსის შედეგად 70 წლის სასულიერო პირი დაიღუპა. თუმცა, მოგვიანებით ერაყის ჯანდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია, რომ სასულიერო პირი კოვიდ-19-ის გამო გარდაიცვალა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერაყში კორონავირუსის 34 შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთა დიდი ნაწილი უახლოეს წარსულში ირანში იმყოფებოდა, სადაც ინფექციამ უკვე 107 ადამიანი იმსხვერპლა. ირანში დაინფიცირებულთა რაოდენობა კი, 3 500-ს აჭარბებს.