ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მსხვერპლთა 200-ზე მეტი მასობრივი სამარხი იპოვეს
ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მსხვერპლთა 200-ზე მეტი მასობრივი სამარხი იპოვეს

ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მსხვერპლთა 200-ზე მეტი მასობრივი სამარხი იპოვეს. ამის შესახებ გაერო იუწყება.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ამასთან, მასობრივ სამარხებში ერაყის შეიარაღებული ძალების ათობით წარმომადგენლისა და სამართალდამცველის ცხედარს მიაგნეს.

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგელების ინფორმაციით, საერთო ჯამში, მასობრივ სამარხებში ათასობით ადამიანია დამარხული.

გაერო-ს ცნობით, მასობრივი სამარხები ერაყის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს აღმოაჩინეს. კერძოდ ნინევიის, კირკუკის და ანბარის პროვიცნიებში. ამ ადგილებს წარსულში ტერორისტული დაჯგუფების წევრები აკონტროლებდნენ. 2014 წლის ივნისიდან გარკვეული პერიოდი, აღნიშნული რეგიონი „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ხალიფატის ნაწილი იყო.

სამწლიანი ოკუპაციის დროს ტერორისტული დაჯგუფების წევრები ადგილობრივ მოსახლეობაზე სისტემატურ ტერორს ახორციელებდნენ. მათი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე საკმაოდ ხშირი იყო სასიკვდილო განაჩენის საჯარო აღსრულება. მიზეზი კი, ხან სექსუალური ორიენტაცია, ხან კი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები იყო. რადიკალების სამიზნე რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც იყვნენ.

გაერო-ს მონაცემებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა თითქმის 33 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირეს. 55 ათასი კი დაშავდა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგელები აცხადებენ, რომ ახალი მასობრივი სამარხების აღმოჩენა საერთო სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის.