ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით თავს დაესხნენ
ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით თავს დაესხნენ

ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, თავდასხმა მოხდა დასავლეთ ერაყში აინ ალ-ასადის ავიაბაზაზე, სადაც ამერიკული და სხვა საერთაშორისო ძალების კონტინგენტი იმყოფება.

გავრცელებული ცნობით, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.

ერაყის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაკეტეს ბაზის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყეს სამძებრო ოპერაცია. ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა თავდასხმას მსხვერპლი ან ნგრევა. პარალელურად, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, რაკეტებით დაიბომბა კიდევ ერთი სამხედრო ბაზა, სადაც აშშ-ის ძალებია განთავსებული.

ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით, აეროპორტში აშშ-ის ძალებს ორი რაკეტა ესროლეს, ერთი მათგანი ბაზიდან ჩამოაგდეს, მეორე კი, ცარიელ საწყობს მოხვდა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გასულ კვირას, ირანთან დაკავშირებული ერაყის შეიარაღებული ჯგუფები დაემუქრნენ აშშ-ს რაკეტებითა და თვითმფრინავებით, თუ ვაშინგტონი ღაზაში ჩაერევა ისრაელის მხარდასაჭერად „ჰამასის“ წინააღმდეგ. შეერთებულ შტატებს 2 500 ჯარისკაცი ჰყავს ერაყში და 900 – მეზობელ სირიაში.