ერაყში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თავდასხმებს შვიდი ჯარისკაცი ემსხვერპლა
ერაყში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თავდასხმებს შვიდი ჯარისკაცი ემსხვერპლა

ერაყში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თავდასხმებს ქვეყნის უსაფრთხოების ძალების შვიდი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, რადიკალი ისლამისტების ორი სხვადასხვა თავდასხმის დროს, 16 სამხედრო დაშავდა. პირველი თავდასხმა სალაჰუდინის პროვინციის დუჯაილის ოლქში, „სახალხო მობილიზაციის ძალების“ წინააღმდეგ მოხდა, რომელიც დედაქალაქ ბაღდადიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ჯიჰადისტებმა მეორე თავდასხმა ქურთისტანის რეგიონული მთავრობის მიერ კონტროლირებულ სულაიმანიას პროვინციაში განახორციელეს.

ერაყმა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება 2017 წელს გამოაცხადა, თუმცა რადიკალი ისლამისტები სხვადასხვა ადგილებზე აწყობენ თავდასხმებს. ჯიჰადისტები ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჰამრინის მთების ქედზე დაჯგუფდნენ. აღნიშნული ქედი დიალას პროვინციიდან იწყება და ჩრდილოეთ სალაჰუდინს და სამხრეთ კირკუკის პროვინციებს მოიცავს. ამ ტერიტორიას უსაფრთხოების ძალები „სიკვდილის სამკუთხედს“ უწოდებენ.