ერაყში დემონსტრანტები ირანის საკონსულოს თავს დაესხნენ
ერაყში დემონსტრანტები ირანის საკონსულოს თავს დაესხნენ

ერაყში დემონსტრანტები ირანის საკონსულოს თავს დაესხნენ და ცეცხლი მოუკიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გერმანული გამოცემის ცნობით, ქალაქ ნაჯაფში რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა ირანის საკონსულოში შეღწევა სცადა. მათ სურდათ, რომ ირანის დროშა ერაყის დროშით ჩაენაცვლებინათ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, საკონსულოს თანამშრომლების ევაკუაცია დემონსტრანტების თავდასხმამდე განხორციელდა.

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, საკონსულოს შენობაზე თავდასხმის დროს უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს. არეულობის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა. ამის შემდეგ ერაყის ხელისუფლებამ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარში პასუხისმგებლობა ერაყის ხელისუფლებას დააკისრა. დიპლომატიური უწყების განმარტებით, ერაყის ხელისუფლებამ საკონსულოზე თავდასხმა ვერ აღკვეთა.

ერაყში მასშტაბური ანტისახელისუფლებო დემონსტრაციები უკვე ორი თვეა მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში, აქციებზე მომხდარ არეულობებს 300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. დემონსტრანტები რიგ საკითხებს, მათ შორის კორუფციის მაღალ მაჩვენებელს და უმუშევრობას აპროტესტებენ. ამასთან ერთად აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ერაყის ხელისუფლება საგარეო ძალების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ასეთ ქვეყნად კი, რიგი აქტივისტები სწორედ ირანს ასახელებენ.

ირანის საკონსულოზე თავდასხმა რამდენიმე კვირის წინ ქალაქ ქარბალაშიც მოხდა. მაშინ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა შენობის დაცვის დროს ცეცხლი გახსნეს. შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა.