ერაყში სამართალდამცველებთან შეტაკებისას ექვსი ადამიანი დაიღუპა
ერაყში სამართალდამცველებთან შეტაკებისას ექვსი ადამიანი დაიღუპა

ერაყში, დემონსტრაციაზე სამართალდამცველებთან შეტაკებისას ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქალაქ ბასრაში მომხარი არეულობის დროს დაიღუპნენ აქტივისტები და სამართალდამცველები, დაშავდა 14 სამართალდამცველი.

არეულობა პროვინციის ადმინისტრაციის შენობასთან მოხდა. აქტივისტებმა შენობის დაკავება სცადეს. ისინი სამართალდამცველების მიმართულებით ხელნაკეთ ყუმბარებს ისროდნენ. პოლიციამ კი ვითარების გასანეიტრალებლად ცრემლსადენი აირი გამოიყენა. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ შენობასთან მყოფი აქტივისტების შესაჩერებლად პოლიციამ დემონსტრანტების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

ერაყის ქალაქ ბასრაში დემონსტრაციები 8 ივლისს დაიწყო. აქტივისტები ელექტროენერგიისა და წყალგაყვანილობის სისტემის გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ვითარებას რეგიონში არსებული მაღალი ტემპერატურა ართულებდა.

დემონსტრაციების დაწყების შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლებამ აქტივისტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სპეციალური კომისია ჩამოაყალიბა. მთავრობა ბასრას მოსახლეობას შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისთვის 2 მილიარდი დინარის (17 მილიონი დოლარი) გამოყოფას დაჰპირდა. ამასთან ერთად, ხელისუფლებამ რეგიონში 10 ათასი სამუშაო ადგილის შექმნის პირობა დადო.