ერაყში, ბელგიის მოქალაქეს ISIS-ის წევრობისთვის სიკვდილი მიუსაჯეს
ერაყში, ბელგიის მოქალაქეს ISIS-ის წევრობისთვის სიკვდილი მიუსაჯეს

ერაყის სასამართლომ ბელგიის მოქალაქეს, ტარიკ ჟადოუნს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის სიკვდილი მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RTBF-ი ავრცელებს.

სასამართლოს დადგენილებით, მსჯავრდებულს ჩამოახრჩობენ.

სირიაში 1988 წელს დაბადებული, ბელგიის ქალაქ ვერვიეს მცხოვრები ტარიკ ჟადოუნი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. გამოძიების ინფორმაციით, ის ტერორისტულ დაჯგუფებას 2014 წელს შეუერთდა და ცნობილი იყო აბუ ჰამზა ალ-ბელგიკის სახელით. ის ერაყში დააკავეს.

ტარიკ ჟადოუნი ბრალს არ აღიარებს. მას განაჩენის გასაჩივრებისთვის 30-დღიანი ვადა აქვს.

ერაყის ხელისუფლების მონაცემებით, ქვეყანაში ტერორიზმის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი 300-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის უცხოელებს გამოუტანეს.