ერაყმა თურქეთს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილთა შვილები გადასცა
ერაყმა თურქეთს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილთა შვილები გადასცა

ერაყმა თურქეთს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილთა შვილები გადასცა. სულ გადაცემულია 188 ბავშვი.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ბავშვების გადაცემა ბაღდადის აეროპორტში თურქეთისა და ერაყის მთავრობების წარმომადგენლების, ასევე იუნისეფის თანამშრომლების თანდასწრებით შედგა.

როგორც ერაყის უმაღლესი იუსტიციის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ბავშვები ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა დატოვეს.

ამასთან, საბჭოს ცნობით, გადაცემულ ბავშვებს შორის რამდენიმე ერაყში საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის გაასამართლეს.

ერაყში მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვების გასამართლება სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ცხრა წლის ასაკიდან არის შესაძლებელი.

„როიტერის“ მიერ მარტში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ერაყში დაკავებულია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების 1 100-მდე ბავშვი. მათგან ყველაზე პატარები ციხეში დედებთან ერთად იმყოფებიან.

ამასთან, მედიასაშუალების მიერ მოპოვებული მონაცემებით, სულ მცირე შვიდი ბავშვი მძიმე პირობების გამო გარდაიცვალა.