ერაყმა კორონავირუსის გამო, საზოგადოებრივი შეკრებები აკრძალა
ერაყმა კორონავირუსის გამო, საზოგადოებრივი შეკრებები აკრძალა

ერაყმა კორონავირუსის საფრთხის გამო, საზოგადოებრივი შეკრებები აკრძალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ჯააფარ ალავიმ განაცხადა.

ამას გარდა, ერაყის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აიკრძალა მიმოსვლა ცხრა ქვეყანასთან – ჩინეთთან, ირანთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ტაილანდთან, სინგაპურთან, ბაჰრეინთან, ქუვეითთან და იტალიასთან. გამონაკლისს წარმოადგენენ, აღნიშნული ცხრა ქვეყნიდან ჩასული ერაყის მოქალაქეები და დიპლომატები, თუმცა ქვეყანაში შესვლისას მათ კვლევები ჩაუტარდებათ.

ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით, ერაყში 27 თებერვლიდან 7 მარტამდე შეწყდა სასწავლო პროცესი სკოლებსა და უნივერსიტეტებში, დაიხურა კინოთეატრები, კაფეები, კლუბები, გაუქმდა საზოგადოებრივი ღონისძიებები.

ერაყში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ორი დღის წინ გამოვლინდა. ინფიცირებულია ირანიდან დაბრუნებული ოთხსულიანი ოჯახი.

ერაყში შიშობენ, რომ კორონავირუსი ქვეყანაში შესაძლოა, მეზობელი ირანიდან გავრცელდეს, სადაც დაავადებას უკვე 19 ადამიანი ემსხვერპლა.

ერაყში ირანიდან ყოველწლიურად მილიონობით პილიგრიმი ჩადის.