ერაყმა ბელარუსიდან 600-ზე მეტი მიგრანტი გაიყვანა
ერაყმა ბელარუსიდან 600-ზე მეტი მიგრანტი გაიყვანა

ერაყმა ბელარუსიდან 600-ზე მეტი მიგრანტი გამოიყვანა. დღეს, 26 ნოემბერს, „ერაყის ავიახაზების“ ორი თვითმფრინავი მინსკიდან ერაყის ქალაქ ერბილში ჩაფრინდა, რომლის ბორტზეც სულ 617 მიგრანტი იმყოფებოდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერაყის კონსულმა რუსეთსა და ბელარუსში მაჯიდ ალ-ქინანიმ განაცხადა, რომ კიდევ რამდენიმე საევაკუაციო ფრენის განხორციელება იგეგმება. მისი თქმით, ბელარუსიდან სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი 1000-ზე მეტმა მიგრანტმა გამოთქვა.

გასულ კვირას, „ერაყის ავიახაზებმა“ მინსკიდან 430-ზე მეტი მიგრანტი, ძირითადად ერაყელი ქურთები, უკვე გაიყვანა. ქალაქ ერბილში ჩასვლის შემდეგ ისინი დედაქალაქ ბაღდადში გადაიყვანეს.

ამჟამად ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე დაახლოებით 2000 მიგრანტი რჩება, რომლებიც პოლონეთის გავლით დასავლეთ ევროპაში გადასვლას გეგმავენ.