ერაყის სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
ერაყის სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ერაყის სასამართლომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს „შარიათის მოსამართლეს“ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ერაყის უმაღლესი სასამართლო საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯიჰადისტების წევრს ერაყის უსაფრთხოების ძალების ხუთი წევრის მკვლელობა ედება ბრალად. არსებული ინფორმაციით, სხვა დანაშაულებთან ერთად, ბრალდებული რამდენიმე ტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა, მათ შორის ერაყის არმიის პატრულის აფეთქებაში.

ბრალდებულის სახელი არ გახმაურებულა. ერაყის კანონმდებლობის თანახმად, ეს წინასწარი გადაწყვეტილებაა და მისი გასაჩივრება საკასაციო ფედერალურ სასამართლოში 30 დღის განმავლობაში არის შესაძლებელი.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებს ერაყში ანტიტერორისტული კანონის შესაბამისად ასამართლებენ, რომელიც ტერორისტული აქტის ჩამდენი პირების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. სიკვდილით დასჯის აღსრულებას ქვეყნის პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება.