ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ირანულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პირმამის რაიონში მდებარე მის ოფისზე იერიში მიიტანეს
ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრი მასრურ ბარზანი აცხადებს, რომ ირანულმა დრონებმა ერბილის პროვინციაში, პირმამის რაიონში მდებარე მის ოფისზე მიიტანეს იერიში. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ბარზანმა თავდასხმა სახიფათო ესკალაციად და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის პირდაპირ საფრთხედ შეაფასა.
მისივე თქმით, თავდასხმა ირანის მხრიდან „უგუნური“ და „მიუღებელი“ ქმედებაა.
„ქურთისტანის კონტრტერორისტული დანაყოფის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დღეს დილით ირანის დრონებით თავდასხმები განხორციელდა ჩემს პირად კაბინეტსა და უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში. მე უმკაცრესად ვგმობ ამ უგუნურ და მიუღებელ თავდასხმებს. ეს არის სახიფათო ესკალაცია და პირდაპირი საფრთხე ქურთისტანის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ეს თავდასხმები ხელს არ შეგვიშლის ჩვენი მოვალეობების შესრულებასა და ჩვენი მოქალაქეების დაცვაში“, – დაწერა ბარზანმა სოციალურ ქსელში.
მედიის ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამასთან, როგორც „როიტერსი“ წერს, ირანმა და ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ერაყის ნახევრადავტონომიური ქურთისტანის რეგიონი ირანის ქურთისტანის ოპოზიციის მხარდაჭერაში, რასაც თეირანი საკუთარი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს. ერაყის ქურთისტანის ხელისუფლება აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.
Following an investigation by the Kurdistan Counter-Terrorism Unit, my personal office and the home of the head of the Security and Intelligence Agency were targeted by Iranian drone attacks earlier today.
I condemn these reckless and unacceptable attacks in the strongest terms.…
— Masrour Barzani (@masrourbarzani) August 17, 2026