ერაყის ქალაქ ბასრაში შეტაკებების დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა
ერაყის ქალაქ ბასრაში შეტაკებების დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა

ერაყის ქალაქ ბასრაში შეტაკებების დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შეტაკება გავლენიანი შიიტი სასულიერო პირის მუქთადა ალ-სადრის მომხრეებსა და პროირანული შიიტური ჯგუფების მებრძოლებს შორის მოხდა.

არეულობა ქალაქ ბასრას ცენტრში მოხდა. „როიტერის“ ცნობით, მოკლულთაგან ორი ალ-სადრის „მშვიდობის ბრიგადების“ მებრძოლი იყო.

არეულობა ერაყში მიმდინარე კვირის დასაწყისში განახლდა მას შემდეგ, რაც მუქთადა ალ-სადრმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ალ-სარის მომხრეები, პროირანელი შეიარაღებული მებრძოლები და უსაფრთხოების ძალები. დაიღუპა სულ მცირე 15 ადამიანი.

ერაყში საპროტესტო აქციები და პოლიტიკური კრიზისი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ალ სადრის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ხმები ვერ დააგროვა. ალ სადრმა უარი განაცხადა პროირანულ შიიტ მეტოქეებთან მოლაპარაკებებზე, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა შექმნა.