ერაყის პრემიერმა „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ განიარაღებისკენ მოუწოდა
ერაყის პრემიერმა „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ განიარაღებისკენ მოუწოდა

ერაყის პრემიერ-მინისტრმა „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ განიარაღებისკენ მოუწოდა. ჰაიდერ ალ-აბადის თქმით, ერაყის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე რაიმე სახის გასამხედროებული და ტერორისტული ჯგუფების გაძლიერებას არ დაუშვებს.

ერაყის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ მეზობელ თურქეთზე თავდასხმის შესაძლებლობას არ მისცემს.

ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ოპერაცია მიმდინარე თვეში დაიწყო.

ქურთული სამხედრო დაჯგუფება დამოუკიდებელი ქურთისტანის სახელწიფოს შექმნისთვის იბრძვის. 30 წლიან დაპირისპირებას 40 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ტერორისტულ ორგანიზაციად თურქეთის გარდა, აშშ და ევროკავშირიც მიიჩნევენ.