ერაყის პრემიერი - სირიიდან „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმების თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომას მივიღებთ
ერაყის პრემიერი - სირიიდან „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმების თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომას მივიღებთ

ერაყი ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რომ სირიაში მყოფი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მხრიდან საზღვრისპირა თავდასხმები თავიდან აიცილოს, – ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა.

გასულ წელს ერაყის სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის ტერიტორიაზე განლაგებულ „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე იერიშები მიიტანეს. ეს ოპერაცია აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ანტი-ტერორისტული კოალიციის კოორდინირებითა და სირიის მთავრობის ნებართვით ჩატარდა.

დაეში რჩება აღმოსავლეთ სირიაში, ერაყის საზღვრის სიახლოვეს. მე ყველა საჭირო ზომას მივიღებ, თუ ისინი ერაყის უსაფრთხოებას დაემუქრებიან“, – როგორც ალ-აბადიმ განაცხადა, ამ საკითხზე მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

როგორც ბაღდადის მთავრობასთან დაახლოებულმა პირმა Reuters-ს უთხრა, შესაძლებელია, ერაყმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე იერიშები კვლავ მიიტანოს.

აბადიმ ერაყის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შესახებ გასულ დეკემბერში გამოაცხადა. ამის მიუხედავად, ტერორისტული დაჯგუფება პერიოდულად მაინც ახერხებს ქვეყნის ტერიტორიაზე იერიშების მიტანას.