ერაყის პრემიერი - ერაყში აშშ-ის ავიაიერიშები მიუღებელია და ამას სახიფათო შედეგები ექნება
ერაყში აშშ-ის ავიაიერიშები მიუღებელია და ამას სახიფათო შედეგები ექნება, – ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ადელ აბდულ მაჰდიმ განაცხადა.
ადელ აბდულ მაჰდიმ აშშ-ის სამხედრო ავიაციის მიერ მოძრაობა „ჰეზბოლას“ ობიექტების დაბომბვა დაგმო და თქვა, რომ მსგავსმა მოქმედებამ ერაყი შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის არსებულ კონფლიქტში კიდევ უფრო ღრმად ჩართოს.
ირანისგან მხარდაჭერილი ორგანიზაცია „კატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტების დაბომბვას 25 ადამიანი ემსხვერპლა, 55 კი დაშავდა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ეს იყო პასუხი ერაყის ტერიტორიაზე ამერიკული ბაზის სარაკეტო დაბომბვაზე, რომელსაც სამოქალაქო კონტრაქტორი ემსხვერპლა.
ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩის დაბარებას გეგმავენ.