ერაყის პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო რეზიდენციის დაბომბვა დაგმო და თავდასხმას ლაჩრული მოქმედება უწოდა
ერაყის პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო რეზიდენციის დაბომბვა დაგმო და თავდასხმას ლაჩრული მოქმედება უწოდა

ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-კადიმიმ სამთავრობო რეზიდენციის დაბომბვა დაგმო და თავდასხმას ლაჩრული მოქმედება უწოდა. ერაყის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია თავდამსხმელების შესახებ, რომლებსაც აუცილებლად მოძებნიან.

ერაყის სამთავრობო რეზიდენციის დაბომბვა დაგმო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ერაყის ხელისუფლებას ინციდენტის გამოძიებაში დახმარებას დაპირდა.

ერაყის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რეზიდენციის გარეთ მყოფი დაცვის ექვსი თანამშრომელი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, თავდასხმისთვის სამი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს, რომელთაგან ორი ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ჩამოაგდეს, მესამემ კი რეზიდენცია დაბომბა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.

ერაყის მთავრობის ხელმძღვანელის რეზიდენციაზე თავდასხმა ბაღდადში სამთავრობო ძალებსა და ირანისგან მხარდაჭერილი პოლიტიკური პარტიების მომხრეებს შორის შეტაკებების შემდეგ განხორციელდა. 10 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, აღნიშნულმა პარტიებმა ერაყის პარლამენტში რამდენიმე ათეული ადგილი დაკარგეს. აღნიშნული პარტიების უმრავლესობას სამხედრო ფილიალებიც აქვთ.