ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა [ფოტო]
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა [ფოტო]

საქართველოს პარლამენტის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმში მედიატური გაიმართა, რომელსაც პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ უმასპინძლა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუზეუმის დაარსების იდეა ერთი წლის წინ, მე-9 მოწვევის პარლამენტში გაჩნდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე აღნიშნა. ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის კონცეფციამ 1919 წლიდან დღემდე არსებული პერიოდი გააერთიანა.

„პარლამენტი ღიაობით გამოირჩევა. მოქალაქეთა ჩართულობისთვის, არაერთი ღონისძიება უკვე განხორციელდა და მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტში ღია მმართველობის საბჭოს ფორმატში, შემუშავდა მოქალაქეთა ჩართულობის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მიზნად გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შექმნილიყო ქართული პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიის მუზეუმი, რომელიც გააღრმავებდა  მოქალაქეების, მოსწავლეების, სტუდენტებისა თუ უცხოელი სტუმრების ინფორმირებულობას იმ პროცესების შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა საუკუნეების მანძილზე საქართველოში პარლამენტარიზმის, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტის ისტორია“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, მუზეუმი ქართველი საზოგადო მოღვაწის და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელს ატარებს.

„მუზეუმი ემსახურება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდებას პარლამენტის საქმიანობის და საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში მისი მოღვაწეობის თაობაზე“,- აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

გივი მიქანაძის განმარტებით, მუზეუმი ხუთ დარბაზს აერთიანებს. თითოეული დარბაზი ისტორიის გარკვეულ მონაკვეთს ეთმობა. ასეთია დარბაზი, სადაც ასახულია პერიოდი 1919 წლიდან 1921 წლამდე. აქ დამთვალიერებელი პირველი რესპუბლიკისა და დამფუძნებელი კრების ისტორიას გაეცნობა.

კიდევ ერთ დარბაზში, მუზეუმის სტუმრებს დამფუძნებელი კრების ემიგრაციაში წასული წევრების ცხოვრებისა და საქმიანობის, მათ შორის, ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის ამსახველი მასალების გაცნობა შეეძლება.

საბჭოთა კავშირის პერიოდს და 1989 წლის 9 აპრილის ღამეს ეთმობა მუზეუმის კიდევ ერთი სივრცე, სადაც გამოფენილ ექსპოზიციებს შორის არის ის ეკიპირება, რომელიც საბჭოთა კავშირის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს. ამას გარდა, მუზეუმში მისული დამთვალიერებელი საბჭოთა რეპრესიების ამსახველ მასალასაც ნახავს.

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის ამსახველ ექსპონატებს ეთმობა კიდევ ერთი დარბაზი, სადაც 1990-1991 წლების ისტორიაა ასახული.

პარლამენტის აპარატის უფროსი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მუზეუმი პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიის შესახებ სხვადასხვა პერიოდებს ასახავს.

„საზოგადოებაში ვრცელდება გარკვეული ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ თითქოს პარლამენტში საბჭოური მუზეუმი მოეწყო. ეს ასე არ არის –  ეს არის სხვადასხვა პერიოდებთან დაკავშირებული პარლამენტარიზმის განვითარების ისტორია. მინდა, აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეული პერიოდი წარმოადგენს ჩვენი ისტორიის განუყოფელ ნაწილს და ჩვენ გვაქვს ქართული დემოკრატიის პირველ განსაკუთრებულ ჩანასახზე, ეს არის 1918-1921 წლების შესახებ ცალკე სპეციფიკური დარბაზი, გვაქვს ემიგრაციაში მყოფი დამფუძნებელი საბჭოს წევრების შესახებ დარბაზი, ასევე, გვაქვს ეროვნული მოძრაობის დაწყების დარბაზი, ისევე, როგორც იმ 70 წლიანი სამწუხარო პერიოდის ამსახველი დარბაზი, სადაც გაშარჟებულიც კია ის პროცესები, როდესაც ერთპარტიული არჩევნები ტარდებოდა საქართველოში და ეს პერიოდი თავდება ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული, მაგრამ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენით, როდესაც 9 აპრილს ოკუპანტი ჯარის წარმომადგენლების მხრიდან მოხდა ჩვენი გულანთებული თანამემამულეების დარბევა და ვიცით, რომ არაერთი ქართველის სიცოცხლე შეეწირა ამ ვანდალურ ღონისძიებას“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსის თქმით, მუზეუმის იდეასა და კონცეფციაზე მუშაობა სპეციალისტების ფართო ჩართულობით განხორციელდა, მათ შორის, მუზეუმზე იმუშავეს საქართველოს პარლამენტის, ეროვნული ბიბლიოთეკის, ეროვნული არქივის, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, ასევე, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლებმა.

მედიატურის მონაწილეებს ასევე ესაუბრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ყოფილი დირექტორი,  ომარ თუშურაშვილი,  დიზაინერი დავით ცვარიანი და IDFI- ის აღმასრულებელი დირექტორი,  გიორგი კლდიაშვილი.

როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრისას გივი მიქანაძემ განაცხადა, მუზეუმის გახსნა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.