ექვსი უფასო საფეხბურთო სკოლა რეგიონებში - „ფონდი არველაძე“ ახალ პროექტს აანონსებს #1TVSPORT
ექვსი უფასო საფეხბურთო სკოლა რეგიონებში - „ფონდი არველაძე“ ახალ პროექტს აანონსებს #1TVSPORT

„ფონდ არველაძის“ ახალი პარტნიორი საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი გახდა, – ინფორმაციას ფონდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩვენმა ფონდმა, ახალ პარტნიორთან ერთად, აჭარისა და კახეთის რეგიონის მიმართულებით სპეციალური პროგრამა „მომავლის ჩემპიონები“ შეიმუშავა, რომელიც სპორტულ, სოციალურ და სამეწარმეო მიმართულებას მოიცავს.

ქედის, შუახევის, ხულოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში პროექტის მთავარი მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ფეხბურთის საშუალებით პროექტის მონაწილეების საზოგადოებაში ინტეგრაცია და სოციალური მეწარმეობის მიმართულებით საგანმანათლებლო კურსში ახალგაზრდების ჩართულობა იქნება.

მერისში, დაბა შუახევში, ღორჯომში, ჯოყოლოში, ომალოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია ექვსი უფასო საფეხბურთო სკოლის გახსნა, რომლის ფარგლებშიც მოზარდებთან ადგილობრივი მწვრთნელები იმუშავებენ. პროგრამის დაწყებამდე ექვსივე გუნდის მწვრთნელი ფონდის სპეციალური პროგრამით გადამზადდება.

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრისა და ფონდ არველაძის ერთობლივი პროექტი კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან, მწვანე სექტორთან და Impact Hub Tbilisi-სთან პარტნიორობის ფარგლებში, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება“, – წერია „ფონდ არველაძის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ცნობით, პროექტში ჩართული იქნება შემდეგი სოფლები:  მერისი (ქედის მუნიციპალიტეტი), დაბა შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი), ღორჯომი (ხულოს მუნიციპალიტეტი), ჯოყოლო (პანკისის ხეობა), ახმეტის მუნიციპალიტეტი (ახმეტა) და ომალო (პანკისის ხეობა).