მეორე ტურის პირველი მატჩი: ინგლისი – იტალია.
„თვიქნემზე“ გამართულ შეხვედრაში ედი ჯონსის გუნდს მიზნად ხუთი ქულის მოპოვება ჰქონდა და დასახული ამოცანა სრულად შეასრულა.
შეხვედრა იტალიელებისთვის კარგად დაიწყო – პირველი ლელო მონტი იოანიმ დადო, მაგრამ ინგლისი მალევე ჯონი ჰილის და ენტონი უოტსონის ლელოებით დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს ჯონი მეიმ ტურის, ან შესაძლოა ტურნირის საუკეთესო ლელო დადო და ინგლისმა პირველი ნახევარი ანგარიშით 20:8 მოიგო.
სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. ინგლისმა მეტოქეს კვლავ სამი ლელო დაუდო და თავად ერთი გაუშვა – უოტსონმა დუბლი გაიფორმა, თავი ჯეკ ვილისმაც გამოიჩინა, ხოლო შეხვედრას წერტილი ელიოტ დეილიმ დაუსვა – 41:18.
ინგლისს ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. იტალიამ კი „ექვს ერზე“ ზედიზედ 29-ედ წააგო და ნული ქულით ცხრილის ბოლოშია.
მეორე მატჩი: შოტლანდია – უელსი.
მეტად დაძაბული და დრამატული გამოვიდა შოტლანდიისა და უელსის შეხვედრა. „მარიფილდზე“ გამართულ მატჩში ფავორიტებად მასპინძლები მიიჩნეოდნენ, თუმცა თამაშის ბედი უელსის სასარგებლოდ პირველი ტურის მსგავსად ამჯერადაც წითელმა ბარათმა გადაწყვიტა. არადა, სკოტები დარსი გრემის და სტუარტ ჰოგის ლელოების შემდეგ 14 ქულით დაწინაურდნენ. ნახსენები ბარათი ზანდერ ფაგერსონმა 50-ე წუთზე მიიღო, როდესაც შოტლანდია ორი ქულით იყო წინ. უელსელებმა რიცხობრივი უპირატესობით მალევე ისარგებლეს და უინ ჯონსმა „დრაკონები“ წინ გაიყვანა. შოტლანდიამ გაიბრძოლა და სტუარტ ჰოგის მეორე ლელოთი წინაც გავიდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ლუის რის-ზემიტმა – უელსელთა გარემარბმა ბურთი გადაიკიდა და ინდივიდუალური იერიში მეტოქის ლელოში დაასრულა.
საბოლოოდ, უელსმა ანგარიშით 25:24 მოიგო და 9 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
მესამე მატჩი: ირლანდია – საფრანგეთი.
არანაკლებ დაძაბული იყო დუბლინში, „ავივა სთედიუმზე“ გამართული დაპირისპირება, რომელშიც ირლანდიამ შესანიშნავ ფორმაში მყოფ საფრანგეთს უმასპინძლა და ორქულიანი სხვაობით, ანგარიშით 15:13 დამარცხდა.
სტუმრებმა პირველი ლელოს დროს მაყურებელს ნამდვილი „შამპანურის რაგბი“ შესთავაზეს – იერიში გუნდის კაპიტანმა შარლ ოლივონმა დაასრულა.
54-ე წუთზე დამიან პენომ ირლანდიელები მეორედაც დაალელოვა. ირლანდიელებმა მატჩში დაბრუნება რორი კელეჰერის ლელოთი და როს ბირნის ჯარიმით სცადეს, თუმცა „მამლებმა“ ბოლო წუთებში თავი კარგად დაიცვეს, გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილს უელსთან ერთად ლიდერობენ.