ექთანთა საერთაშორისო საბჭო - 30 ქვეყნის მონაცემებით, კორონავირუსით 90 ათასზე მეტი მედიკოსი დაინფიცირდა, 260-ზე მეტი ექთანი კი, დაიღუპა
ექთანთა საერთაშორისო საბჭო - 30 ქვეყნის მონაცემებით, კორონავირუსით 90 ათასზე მეტი მედიკოსი დაინფიცირდა, 260-ზე მეტი ექთანი კი, დაიღუპა

მსოფლიოში კორონავირუსით 90 ათასზე მეტი მედიკოსია ინფიცირებული, 260-ზე მეტი ექთანი კი, გარდაიცვალა. ამის შესახებ ნათქვამია ექთანთა საერთაშორისო საბჭოს განცხადებაში. აღნიშნული რიცხვი მოიცავს მხოლოდ 30 ქვეყნის მონაცემებს.

საერთაშორისო ორგანიზაციაში მთავრობების მიერ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან მომუშავე ექთნებსა და ჯანდაცვის სფეროს სხვა თანამშრომლებს შორის ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების არაზუსტ აღრიცხვაზე საუბრობენ.

„ათასობით ექთანი დაინფიცირდა „კოვიდ-19“-ით და ასობით უკვე გარდაიცვალა, თუმცა მთავრობები ვერ ასახელებენ ზუსტ რაოდენობას, რადგან მონაცემებს არ აგროვებენ. ზუსტი მონაცემების არარსებობა იწვევს ექთნებს შორის ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლის არასათანადო შეფასებას“, – ნათქვამია ექთანთა საერთაშორისო საბჭოს განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, აწარმოონ ზუსტი აღრიცხვა და მიაწოდონ მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

ექთანთა საერთაშორისო საბჭო აერთიანებს 30 ქვეყნის ექთანთა ეროვნულ ასოციაციას.