ექთანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა აცრის შემდეგ გართულდა, ახალციხიდან თბილისში გადმოჰყავთ
ექთანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა აცრის შემდეგ გართულდა, ახალციხიდან თბილისში გადმოჰყავთ

ექთანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა აცრის შემდეგ გართულდა, ახალციხიდან თბილისში გადმოჰყავთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექთანს ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ქალს განუვითარდა ანაფილაქსიური რეაქცია.

„დღეს, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, რომელიც უკვე სამი დღეა, აცრებს ატარებს და აცრილი ჰყავს დაახლოებით 16 ადამიანი, 12:15 საათზე აიცრა სამედიცინო პერსონალი, ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალბატონი. როგორც ვიცი, სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და ასეთია წინასწარი ინფორმაცია, რომ არ აღნიშნავდა ანამნეზში ალერგიულ რეაქციებს. ამ აცრის შემდეგ, ქალბატონმა მოუწოდა პირდაპირ ეთერში სამედიცინო პერსონალს აცრების გააქტიურებისკენ. სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული თუ სხვა ტიპის რეაქცია. სწრაფი რეაქცია შეიძლება, იყოს სხვადასხვა. თუმცა, ექიმები გვეუბნებიან, რომ ეს უფრო ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. ადამიანს ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც ამ დროს,  ანაფილაქსიური რეაქციების დროს, პროტოკოლით არის გაწერილი. არ მოიხსნა რეაქცია და გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა, საჭირო გახდა მისი ინტუბირება და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა. ამჟამად ადგილზე ჩასულია კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და ავადმყოფის ევაკუაცია ხდება თბილისში. ექიმები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ავადმყოფის სიცოცხლე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, პარალელურად, დაწყებულია შემთხვევის მოკვლევა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ. ამასთან, მისივე თქმით, პროცესში ჩართული არიან იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის წევრები.

„ამ ეტაპზე, სანამ არ დასრულდება მოკვლევა, მიზეზშედეგობრივ კავშირებზე ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალციხეში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის“ კლინიკაში მოხდა. როგორც ექიმები საუბრობენ, 30-წლამდე ქალის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. კლინიკასთან ამ დროისთვის სამართალდამცველები იმყოფებიან.