ექსპერტის დასკვნით, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის მარცხენა ფრთა შიდა აფეთქებამ დააზიანა
ექსპერტის დასკვნით, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის  მარცხენა ფრთა შიდა აფეთქებამ დააზიანა

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში სმოლენსკის ავიაკატასტროფის საქმეზე მომუშავე კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც საავიაციო ინციდენტების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტის ფრენკ ტეილორის ანგარიში წარადგინეს.

ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ტრაგედიის პირველად ვერსიას. მისი შეფასებით, თვითმფრინავის მარცხენა ფრთა შიდა აფეთქებამ დააზიანა. ამასთან, ფრენკ ტეილორი აღნიშნავს, რომ დეტონაციის წყარო არა ერთი, არამედ რამდენიმე იყო. ამას გარდა, ანგარიშში ნათქვამია, რომ თვითმფრინავის ფრთის პირველად დაზიანებაზე ხესთან შეჯახება არ ასახულა.

2017 წლის ოქტომბერში პოლონეთის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაცერევიჩმა განაცხადა, რომ ბორტჩამწერთა ანალიზის შედეგად დადგინდა ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის აფეთქების მომენტი. მანამდე კი მაცერევიჩმა გენერალურ პროკურატურას მიმართა თხოვნით, შეემოწმებინა პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის ქმედებები სმოლენსკის ავიაკატასტროფის გამოძიებისას. ის ამტკიცებდა, რომ ტუსკმა ავიაკატასტროფის გამოძიებისას აუცილებელ ზომებს არ მიმართა და ამით პოლონეთის ინტერესებს უღალატა.

2010 წლის 10 აპრილს თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა, სმოლენსკის აეროდრომთან კატატსროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 96-ვე მგზავრი დაიღუპა. პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ცერემონიალზე მიემგზავრებოდა.
ავიაკატასტროფის პირველადი გამოძიების შედეგად ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეკიპაჟი თვითმფრინავის დასმას ნისლში ცდილობდა, რა დროსაც მისი ფრთა ხეს გამოედო. 2015 წელს პოლონეთის ხელისუფლებაში მოსულმა “კონსერვატიულმა პარტიამ” 2010 წლის ავიაკატასტროფის ხელახალი გამოძიება დაიწყო.