ექსპერტი - საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობას იძლევა
ექსპერტი - საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობას იძლევა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ მიერ რეგიონში მხოლოდ საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ჩვენი ქვეყნის მიმართ საერთშორისო ინვესტორების ინტერესს გააძლიერებს, – ამის შესახებ ექსპერტმა, ოთარ ანგურიძემ განაცხადა.

ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს რეფორმების მნიშვნელობას, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას  ისახავს მიზნად. მან დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებაზე, ლარიზაციის გაზრდისთვის გადადგმული ნაბიჯებზე, დეპოზიტების დაზღვევის რეფორმაზე, ჭარბვალიანობის შემცირებისთვის განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებზე და სხვა რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

„მსგავსი რეფორმების შედეგად გაუმჯობესებულია ეკონომიკის სტრუქტურა, დაჩქარდა პოტენციური ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის  თვალსაზრისით,  შემდგომი განვითარებისთვის მყარი საფუძველი შეიქმნა, რაც ქვეყნის მიმართ ნდობას ზრდის და ხელს უწყობს ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.

მისი მოსაზრებით, აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ განაგრძოს რეფორმები, რომელიც ორიენტირებული იქნება ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე, ინკლუზიური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, პროდუქტიულობის ზრდაზე, ასევე ქვეყნის უპირატესობების გამოყენებასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე.

„მსგავსი ტიპის რეიტინგების გაუმჯობესება იძლევა საფუძველს,  ვივარაუდოთ, რომ მომავალში  საინვესტიციო ნაკადები გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების,  ზრდის დაჩქარებას“ – განაცხადა ექსპერტმა, ოთარ ანგურიძემ.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა.