ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე - დაზიანებები, რომელიც გიორგი შაქარაშვილს აღენიშნებოდა, ვერ იქნებოდა მიღებული დაცემის და ვერც 20-25 მეტრის სიმაღლიდან ვარდნის შედეგად
ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე - დაზიანებები, რომელიც გიორგი შაქარაშვილს აღენიშნებოდა, ვერ იქნებოდა მიღებული დაცემის და ვერც 20-25 მეტრის სიმაღლიდან ვარდნის შედეგად

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სხდომაზე დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხა. ექსპერტმა, რომელიც შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილეობდა, ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით მისცა ჩვენება.

„შეკითხვები ეხებოდა დაზიანებების შესაძლებლობებს. იმას, რაც გვეწერა დასკვნაში, რომ რა დაზიანებებიც გიორგი შაქარაშვილის ცხედარს აღენიშნებოდა, ვერ იქნებოდა მიღებული დაცემის შედეგად, ვერც ფერდობზე ჩაგორების რეჟიმში და ვერც 20-25 მეტრის სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. ეს პასუხები დავუდასტურე. ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც დაცვის მხარემ დამისვა, იყო ავტოსაგზაო შემთხვევის პირობებში, მანქანის შეჯახების შემთხვევაში, შეიძლებოდა თუ არა მიეღო ის დაზიანებები შაქარაშვილს. ბუნებრივია, გავეცი პასუხი, რომ ეს გამორიცხული იყო მარტივი მიზეზის გამო – მათი ლოკალიზაციისა და ხასიათის გათვალისწინებით და იმით, რომ გვამის გამოკვლევის დროს არც ერთი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ყოფილა.

დაზიანებების ხანდაზმულობის შესახებ იყო დასმული შეკითხვა და დავადასტურე, რომ მაღალტექნოლოგიური კვლევის პროცესში, რომელიც ჩაატარა გამოცდილმა სპეციალისტმა, დადგინდა, რომ გვამიდან აღებული მასალის, სისხლნაჟღენთების კვლევით, დაზიანებების ხანდაზმულობა არის 10-დან 20 წუთის დროის ინტერვალში. ეს მასალა აღებული იქნა თავის ქალის რბილი საფარიდან, სისხლჩაქცევის ზონიდან და მეორე – მუცლის მიდამოდან“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

უკვე დაიკითხა ექსპერტიზაში მონაწილე სამხარაულის სახელობის ბიუროს ექსპერტი, რომელმაც სასამართლო უკომენტაროდ დატოვა.