ექსპერტებმა ჩრდილოეთ კორეაში საიდუმლო სარაკეტო ბაზები აღმოაჩინეს
ექსპერტებმა ჩრდილოეთ კორეაში საიდუმლო სარაკეტო ბაზები აღმოაჩინეს

ექსპერტებმა ჩრდილოეთ კორეაში საიდუმლო სარაკეტო ბაზები აღმოაჩინეს. ამერიკელი მკვლევარების მონაცემებით, ფხენიანს აქვს სულ მცირე 20 მიწისქვეშა ბაზა, სადაც სავარაუდოდ, ბირთვული ქობინებით აღჭურვილი რაკეტები ინახება. ერთ-ერთი ასეთი ბაზა სეულიდან 135 კილომეტრში მდებარეობს.

ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეაში არსებული საიდუმლო სამხედრო ბაზების შესახებ, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ინტიტუტის თანამშრომლები ავრცელებენ. მათი ანგარიში 12 ნოემბერს გამოქვეყნდა.

„ეს ბაზები ფხენიანს არ დაუხურავს და ისინი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას“, – აცხადებენ სპეციალისტები.

მათი თქმით, სამხედრო ბაზები ჩრდილოეთ კორეის მთიან რეგიონებშია განლაგებული. აღნიშნული ობიექტები ისეა აგებული, რომ რაკეტების გამშვები დანადგარების მიწისქვეშა გვირაბებით გადატანა ადვილად იყოს შესაძლებელი. რაკეტების გასაშვები მოედნებიდან ერთ-ერთი სეულიდან სულ რაღაც 135 კილომეტრში მდებარეობს.
ანგარიშში მოცემული ინფორმაცია თანამგზავრით გადაღებული ფოტოებიდან მიღებულ მონაცემებსა და ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულ სამხედროების მონათხრობს ეფუძნება.
აშშ ჩრდილოეთ კორეისგან სრულ ბირთვულ განიარაღებას ითხოვს და ვიდრე ეს არ მოხდება, ვაშინგტონი ფეხენიანს ეკონომიკურ სანქციებს არ მოუხსნის.