ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მსოფლიო „სახიფათოდ მოუმზადებელია“ შემდეგი პანდემიისთვის — #1tvმეცნიერება
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მსოფლიო „სახიფათოდ მოუმზადებელია“ შემდეგი პანდემიისთვის — #1tvმეცნიერება

მას შემდეგ, რაც COVID-19-ის პანდემია მსოფლიოს სამი წლის განმავლობაში უტევდა და ექვს მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა, ჩვენ „სახიფათოდ მოუმზადებლები“ ვართ სამომავლო პანდემიებისთვის. ამის შესახებ ახალ ანგარიშში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია (IFRC) იუწყება.

ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაცია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ მსოფლიო კატასტროფების ანგარიშში აღნიშნავს, რომ მრავალი ქვეყანა COVID-19-ისთვის მომზადებული არ იყო და „ყველა ქვეყანა სახიფათოდ მოუმზადებელი რჩება სამომავლო ეპიდემიებისთვის“.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, „საჭიროა, რომ ქვეყნებმა მზადება ახლავე დაიწყონ, რადგან მსოფლიო სულ უფრო სახიფათო ხდება არა მხოლოდ დაავადებების გავრცელების მხრივ, არამედ კლიმატთან და ამინდთან დაკავშირებული კატასტროფების თვალსაზრისითაც.

„COVID-19-ის პანდემია გლობალური საზოგადოებისთვის გამოღვიძების ზარი უნდა იყოს, რათა ახლავე დაიწყოს მზადება ჯანდაცვის მომავალი კრიზისისთვის“, — აღნიშნავს განცხადებაში IFRC-ის გენერალური მდივანი იაგან ჩაპაგაინი.

ჩაპაგაინი მსოფლიო ლიდერებს რეკომენდაციას აძლევს, კონცენტრირდნენ ნდობის აღდგენაზე, უთანასწორობის აღმოფხვრაზე, სიცოცხლის გადამრჩენელ სამუშაოებში ადგილობრივი აქტორებისა და საზოგადოებების გამოყენებაზე.

„შემდეგი პანდემია შეიძლება უკვე სადღაც ახლოს იყოს; თუ COVID-19-დან მიღებული გამოცდილება ვერ გვაიძულებს მოსამზადებლად სწრაფი ნაბიჯების გადადგმას, სხვა რა გვაიძულებს?“, — კითხულობს ჩაპაგაინი.

ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის უახლესი მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოში 6,8 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც IFRC-ის მოხსენებაში წერია, ასეთი მსხვერპლი უფრო დიდია, ვიდრე ისტორიაში აღრიცხულ მიწისძვრებს, გვალვებსა თუ ქარიშხლებს შეწირულ ადამიანთა რაოდენობა.

ორგანიზაციის განცხადებით, წლის ბოლომდე, ყველა ქვეყანას განახლებული უნდა ჰქონდეს პანდემიისათვის მზადყოფნის გეგმა და მის შესაბამისად განაახლოს კანონმდებლობაც.

მოხსენების მიხედვით, ყველა ქვეყანას მიღებული უნდა ჰქონდეს ახალი ხელშეკრულება და შეასწორონ საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციები.

მოხსენება ასევე გასცემს რეკომენდაციას, რომ 2025 წლისთვის, ქვეყნებმა შიდა ჯანდაცვა მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ პროცენტამდე უნდა გაზარდონ.

„მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 ახალი ვირუსი იყო და ახალ გამოწვევას წარმოადგენდა, არსებობს უამრავი ზოგადი ღონისძიება და მიდგომა, რომლებსაც შეეძლო პანდემიის ზემოქმედების შემცირება შეეძლო“, — ამბობს ჩაპაგაინი.

მისივე განცხადებით, იმისათვის, რათა იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ, ამ პანდემიიდან ნასწავლი კრიტიკული გაკვეთილები უნდა ავსახოთ ეროვნულ კანონმდებლობებში, პოლიტიკაში, ბიუჯეტებსა და მოქმედებებში.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.