ექსპერტები დიდ ბრიტანეთს უცხოელი პროფესიონალების მიღებისკენ მოუწოდებენ
ექსპერტები დიდ ბრიტანეთს უცხოელი პროფესიონალების მიღებისკენ მოუწოდებენ

მიგრაციის საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა კომიტეტის წევრები გაერთიანებული სამეფოს მთავრობას მოუწოდებენ, ბრექსითის შემდეგ, კვალიფიციური მიგრანტების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმოს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, კომიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 400-ზე მეტის კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მათ უცხოელი მუშახელი სჭირდებათ. თუმცა აუცილებელია ისეთი სისტემა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს პრივილეგიები არ ექნებათ.

აგვისტოში ასეთივე რეკომენდაციით მთავრობას დიდი ბრიტანეთის ინდუსტრიათა კონფედერაციამაც მიმართა. მათი თქმით, ბრექსითის შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ უნდა მიიღოს საიმიგრაციო სისტემა, რომელიც ბრიტანეთში ისეთი ადამიანების ჩასვლას უზრუნველყოფს, რომელებიც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებით გავლენას მოახდენენ.

ამჟამად, დიდ ბრიტანეთში მოქმედებს შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ყოველწლიურად მხოლოდ 20 700 მიგრანტის მიღება შეუძლია.