ექსკლუზივი | გოგა ბითაძე - თუ პატარა შანსიც იქნება, აუცილებლად ვითამაშებ #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის პირველ შეხვედრაში ბელგიის წინააღმდეგ ოვერტაიმში დასანანი მარცხი განიცადა 76:79. გარდა ამისა, მატჩის დროს გოგა ბითაძემ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ბოლომდე ვერ მოახერხა.
საქართველოს პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, გოგა ბითაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და საბოლოო პასუხი, ითამაშებს თუ არა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ხვალ გაირკვევა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა ექიმმა თემურ ხვედელიძემ გვითხრა.
„რა თქმა უნდა, ხვალ თამაშის შანსს არ გამოვრიცხავთ, თუმცა ვნახავთ მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა როგორ წარიმართება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მისი მდგომარეობა უკეთესია გუშინდელთან შედარებით. კოჭზე შეშუპება არის. ჩემს ასისტენტს, თორნიკე გოგიჩაიშვილს ექოსკოპიაზე ჰყავდა წაყვანილი.
ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ მედიცინაში საშუალო სიმძიმედ ითვლება. დღეს გოგა გეგმიურად ისედაც ისვენებდა და რა თქმა უნდა, ამ ტრავმის გამო არ ვავარჯიშებთ. გოგა არც ხვალ დილით ივარჯიშებს, შესაბამისად შუადღისას გადაწყდება გოგას თამაშის საკითხი.“
ტრავმის შესახებ გოგა ბითაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატარა შანსის შემთხვევაშიც კი ითამაშებს:
„თამაშის შანსებზე საუბარი უფრო ადვილი ხვალ იქნება, დღეს ცოტა მიჭირს სიარული და მოძრაობა, მაგრამ დღევანდელ და ხვალინდელ დღეს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, მივხედავთ ტრავმას და თუ ვიქნები მზად და პატარა შანსიც იქნება, აუცილებლად ვითამაშებ.“