ექსკლუზივი | გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს ნაკრებში პირადად არავის ვიცნობ, მაგრამ მალე ყველას გავიცნობ #1TVSPORT
საქართველოს პირველმა არხმა მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე გიორგი მიქაუტაძის კომენტარი ჩაწერა, რომელმაც საფეხბურთო მოქალაქეობა შეიცვალა და საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.
გულშემატკივარი „ჯვაროსნების“ მაისურით 20 წლის თავდამსხმელის დებიუტის მოლოდინშია. ბელგიის პროქსიმუსლიგის „სერენის“ 20 წლის მეგოლემ საქართველოს ნაკრებში გამოძახებაზე საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა.
„ჩემთვის ძალიან დიდი ემოციაა, ნაკრების სახელით თამაშის საშუალება რომ მომეცემა. ამდენი გულშემატკივარი გვერდით გვიდგას – ეს სამომავლოდ დიდ მოტივაციას გვაძლევს. მჯერა, რომ ნაკრებში ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გულშემატკივრები გავახაროთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მიქაუტაძე.
„საქართველოს ნაკრებიდან ვინმეს თუ იცნობ?“ – 20 წლის ფორვარდმა ამაზეც ისაუბრა: „საქართველოს ნაკრებში პირადად არავის ვიცნობ, მაგრამ მალე ყველას გავიცნობ. შეკრებამდე ბევრი დრო არც დარჩა“.
ბევრი ფიქრობს, რომ მიქაუტაძე ქართული პასპორტის აღებით, ევროპაში ლეგიონერი გახდა და ბევრი პრივილეგია დაკარგა. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის: „მოქალაქეობა არ შემიცვლია, ორმაგი მოქალაქეობა მექნება და ამ კუთხით პრობლემაც არ შემექმნება“.
საქართველოს ეროვნული ნაკრები შესარჩევ ციკლს შვედებთან 25 მარტს სტოკჰოლმში მატჩით დაიწყებს, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს გუნდი საბერძნეთს სალონიკში ესტუმრება. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გიორგი მიქაუტაძის დებიუტი ამ მატჩებშია მოსალოდნელი.
საინტერესოა, რომ მიქაუტაძე „მეცთან“ პროფესიული კონტრაქტის გაფორმებამდე, საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებში ერთხელ იყო გამოძახებული.