ექიმთა ჯგუფმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გამართა
ექიმთა ჯგუფმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა აქცია გაიმართა. მათ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოითხოვეს.

აქციაზე მისული ექიმები ამბობენ, რომ პატიმარი უკვე 40 დღეა, შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დაწესებულება არ შეესაბამება.

მედიკოსებმა პენინენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე ისაუბრეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა ფაფებსა და ნატურალურ წვენებს ღებულობს. მათი თქმით, აღნიშნული საკვებად არ შეიძლება ჩაითვალოს. კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტის, ვილი პაჭკორიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის ეთიკა არ დაურღვევია.

ვილი პაჭკორიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ღებულობდა ბიოლოგიური დანამატებს, რომელიც შეიცავს იმ ინგრედიენტებსა და ელემენტებს მცირე რაოდენობით – ვიტამინებს, ნახშირწყლებს, პროტეინებს, რომელიც აუცილებელი არის, დანამატის სახით მიიღოს პაციენტმა.

„აქედან გამომდინარე, ის ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს სრულფასოვან კვებას, ეს არის დანამატი იმისთვის, რომ შეივსოს ორგანიზმი ამ ელემენტებითა და ცხოველმყოფელობა გააგრძელოს ორგანიზმმა ჩვეულებრივ რიტმში. აქედან გამომდინარე, არანაირი შიმშილობის ეთიკა არ დარღვეულა.

ეს ბიოლოგიური დანამატები არის ელემენტები, რომლებსაც შეიცავს საკვები; ასევე, ეს ბიოლოგიური ელემენტები არის მცირე დოზით, როგორც ვიტამინები, პროტეინები და ნახშირწყლები. მაგალითად, ღვიძლის პაშტეტი არ არის სრულყოფილი სახით მოცემული, აქ არის გარკვეული ნივთიერება აღებული პაშტეტიდან, რომელიც შეიცავს ამა თუ იმ ვიტამინს და აქედან გამომდინარე, როგორც ბიოლოგიური მასა ვიტამინისა, ამიტომ არის მოთავსებული ამ პატარა სინჯარაში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვილი პაჭკორიამ.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, სააკაშვილი დამნაშავეა, მსჯავრდებულია თუ ბრალდებული, მის მიმართ უნდა იყოს მიღებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომა.

„კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმზე იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა გადაეყვანათ მრავალპროფილიან კლინიკაში, რომელსაც, ჩემი აზრით, ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება, არა თავისი ვთქვათ, ექიმების კვალიფიკაციით, არამედ იმ პროფილით, რაც ამ ციხის საავადმყოფოს გააჩნია. ამას უფრო ამბულატორიული სტილის კლინიკა შეიძლება, ვუწოდოთ, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება შეიძლება, აღმოაჩნდეთ და არა სამედიცინო დახმარება.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება, რადგანაც ძალიან ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული, ორგანიზმი დასუსტებულია, ძალიან სწრაფად შეიძლება, წავიდეს შეუქცევადი ცვლილებები. თუმცა უფრო ხანგრძლივი შიმშილობის შემთხვევებიც ყოფილა. შიმშილობის სხვადასხვა კატეგორიებია. ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობის უდიდესი დანაშაული იყო ის, რომ არ მისცა კვალიფიკაცია, თუ რა ტიპის შიმშილობას აქვს ადგილი.

შიმშილობა ეს არ არის მიზანი თვითმკვლელობის, ეს არის პროტესტის სახე და ყველა მოშიმშილე ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს გააგრძელოს ეს პროტესტი, თავისთავად ხდება შიმშილობის კატეგორიების მოხედვით არის დაშვებული სხვადასხვა, სამკურნალო იქნება თუ მინერალური საშუალებების მიღება“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.