გუგა ქაშიბაძე - ტყიბულიდან შემოყვანილ მეშახტეს სხეულის 25% აქვს დამწვარი
გუგა ქაშიბაძე - ტყიბულიდან შემოყვანილ მეშახტეს სხეულის 25% აქვს დამწვარი

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მინდელის შახტში დაშავებულ მეშახტეს, რომელიც ცენტრში შეიყვანეს, სხეულის 25% აქვს დამწვარი.

როგორც ქაშიბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია.

„ამ წუთისთვის შემოვიდა ჩვენთან 30 წლის მამაკაცი, რომელმაც სხეულის დაზიანება მიიღო შახტაში. სხეულის 25% აქვს დამწვარი. მეორე, მესამე ან მესამე „ბ“ ხარისხის დამწვრობაა.

დამწვარი აქვს თავი, მტევნები, წინა მხრები, ქვემო კიდურებზე მცირე უბნები. ასევე აღენიშნება სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება, თერმული შოკი. მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში“,- განაცხადა ქაშიბაძემ.

რაც შეეხება ოთხ დაშავებულს, რომელიც ტყიბულიდან დამწვრობის ცენტრში მიჰყავთ, ქაშიბაძე ამბობს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერ ვერაფერს იტყვის, თუმცა ამბობს, რომ დაშავებულები კატასტროფის მედიცინის ცენტრის რეანომობილით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

„ამ წუთისთვის კითხვის პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს, ვიდრე არ ვნახავ. მათ არამარტო დამწვრობები აქვთ, არამედ სხვადახვა ხასიათის დაზიანებები. ეს პაციენტები არიან გზაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“,- განაცხადა ქაშიბაძემ.

ტყიბულის საავადმყოფოში ამ დროისთვის არც ერთი პაციენტი რჩება. კატასტროფის ბრიგადას თბილისში კიდევ ოთხი პაციენტი გადაჰყავს.

მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.