ექიმის ინფორმაციით, საქართველოს სამ მოქალაქეს, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოვიდნენ, ცხელება არ აღენიშნებოდათ, აეროპორტის დატოვებამდე ექიმებმა მათ რეკომენდაციები მისცეს
ექიმის ინფორმაციით, საქართველოს სამ მოქალაქეს, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოვიდნენ, ცხელება არ აღენიშნებოდათ, აეროპორტის დატოვებამდე ექიმებმა მათ რეკომენდაციები მისცეს

ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს სამ მოქალაქეს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, დადგინდა, რომ ცხელება არ აქვთ, მიეცათ რეკომენდაცია, ბუკლეტები, რჩევა-დარიგება და გაგზავნილ იქნენ ბინაზე, – ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს ექიმმა რეანიმატოლოგმა, ​დავით კუჭავამ განუცხადა.

„ჩამოფრინდა დუბაიდან თვითმფრინავი, რომელმაც ჩამოიყვანა საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც გადმოფრინდნენ პეკინიდან. რა თქმა უნდა, როგორც ყველას, ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები. დადგინდა, რომ ცხელება, ტემპერატურა არ აქვთ. მიეცათ რეკომენდაცია, მიეცათ ბუკლეტები, რჩევა-დარიგება და გაგზავნილ იქნენ ბინაზე“, – განაცხადა ექიმმა დავით კუჭვამ.

​მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ექიმებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად შესაბამისი შეკითხვები დაუსვეს, მათ ასევე ჩაუტარდათ ვიზუალური და ტემპერატურის გამოკვლევა.

ექიმის განცხადებით, ამ შემთხვევაში ნაცხის ანალიზი არჩატარებულა, რადგან საეჭვო გარემოება არ გამოკვეთილა.

„ნაცხის ანალიზი იმ შემთხვევაში კეთდება, როდესაც რაღაც საეჭვო არის, მაშინ ხდება იზოლირება, გადაყვანა, ნაცხის და სიახლის ანალიზის აღება“, – აღნიშნა ექიმმა.

მისი თქმით, საქართველოს სამ მოქალაქეს მიეცა რეკომენდაცია, ორი კვირის განმავლობაში არ გავიდნენ ხალხმრავალ ადგილებში.

„იმიტომ, რომ შეიძლება რაღაც ინფექცია იყოს, სხვას რომ არ გადასდონ და უნდა დაიცვან რეჟიმი. თუ რაიმე სიმპტომი, კომპლექსი ჩამოყალიბდა, აქვთ ნომერი და მიმართავენ შესაბამის დაწესებულებას“, – განაცხადა დავით კუჭავამ.

მისივე თქმით, აეროპორტში შემოწმებისას რაიმე საეჭვო სიმპტომი რომ გამოვლენილიყო, საქართველოს მოქალაქეები იზოლირებულნი იქნებოდნენ.

„ამაში შედის მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა, სუნთქვის პრობლემები. არის კიდევ სხვა გართულებები. ამ შემთხვევაში ასეთი არაფერი არ იყო და მიეცათ უფლება, რომ ბინის პირობებში იყვნენ. წესით, 14 დღის განმავლობაში უნდა მიაქციონ ყურადღება, რადგან პეკინიდან არიან ჩამოსულები. ისინი პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან“, – განაცხადა ექიმმა დავით კუჭავამ.

მისივე თქმით, საქართველოს სამი მოქალაქე პეკინში რამდენიმე დღით იმყოფებოდა და იქიდან გადმოფრინდნენ დუბაის გავლით საქართველოში. მისივე განმარტებით, აღნიშნული პირები ქალაქ უხანთან ახლოს არ ყოფილან.