ექიმის ინფორმაციით, რუსთავში აფეთქებისას დაშავებული გოგონას მდგომარეობა მძიმეა
ექიმის ინფორმაციით, რუსთავში აფეთქებისას დაშავებული გოგონას მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმის, ნიკოლოზ რთველიაშვილის ინფორმაციით, რვა წლის გოგონას მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

როგორც ექიმი აცხადებს, რუსთავში აფეთქებისას დაშავებულ მოზარდს მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი დაზიანება აქვს, ასევე მოტეხილი აქვს თეძოს ძვალი.

„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მკურნალობს ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში. მას აქვს მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი დაზიანება. შოკური მდგომარეობით მიიყვანეს რუსთავის საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულია, ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. ბავშვს ასევე მოტეხილი აქვს თეძოს ძვალი“,- განაცხადა ექიმმა.

ამასთან, თბილისის იაშვილის კლინიკაში მოთავსებულია კიდევ ერთი მოზარდი, რომელსაც ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა.

რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებული გოგონა თბილისში, ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. გოგონას კლინიკა „რუსთავში“ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის თბილისში საგანგებო კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანომობილით წამოიყვანეს. ასევე თბილისში, იაშვილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას კიდევ ერთი დაშავებული ბიჭი.

რუსთავის კლინიკებში აფეთქების შედეგად დაშავებული ცხრა ადამიანი განაგრძობს მკურნალობას. აქედან ექვსი კლინიკა რუსთავში, სამი კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 14 ადამიანი დაშავდა. მათგან ექვსი მცირეწლოვანია.