ექიმის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ექიმის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პირველი სამედიცინო ცენტრის ექიმის ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ სიმაღლიდან ვარდნის გამო, როგორც ამბობენ, მერვე სართულიდან არის 26 წლის მამაკაცი გადმოვარდნილი. მიღებული აქვს სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება, გულმკერდის დახურული ტრავმა, ასევე აქვს ბარძაყის მოტეხილობა. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა არის მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, არის შოკურ მდგომარეობაში. მდგომარეობა მძიმეა და შესაბამისად, ამ ეტაპისთვის რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება და მინიმალური სტაბილიზაციის პირობები როგორც კი იქნება მიღწეული, დაიგეგმება ტრავმატოლოგიური ჩარევა. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“, – განაცხადა პირველი სამედიცინო ცენტრის ანეზთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, ხათუნა ხუფენიამ.

ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მშენებლობაზე დასაქმებული ორი პირი გადმოვარდა. ერთი მათგანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დატოვე კომენტარი