ექიმის განცხადებით, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში დაშავებული მოზარდი მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს
ექიმის განცხადებით, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში დაშავებული მოზარდი მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს

იაშვილის სახელობის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ექიმის ინფორმაციით, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში დაშავებული მოზარდი მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს.

როგორც ირმა კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 11 წლის ბიჭს გუშინ ჩაუტარდა ტრავმატოლოგიური ოპერაციები სახსრებზე. ამასთან, როგორც ექიმი ამბობს, იგეგმება ყბა-სახის ქირურგის ჩართვა, თუმცა ექიმის თქმით, შესაძლოა ბავშვს ოპერაცია არ დასჭირდეს.

„პაციენტი, 11 წლის ბიჭი, კლინიკაში შემოვიდა გუშინ, 18:00 საათზე. ვიცით, რომ იყო სიმაღლიდან ვარდნა. რამდენადაც ცნობილია, დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.

შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა ორივე ზედა კიდურის მრავლობითი მოტეხილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. სიტუაცია მულტიდისციპლინურმა გუნდმა შეაფასა და ჩაითვალა ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა. გუშინვე ჩატარდა ტრავმატოლოგიური ოპერაციები სახსრებთან დაკავშირებით.

ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა, ჰერმოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია, ცნობიერება ნათელია, განაგრძობს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. კიდევ იგეგმება ყბა-სახის ქირურგის ჩართვა. თუმცა ოპერაციულ ჩარევაზე ჯერ არაფერი გადაწყვეტილი არ არის, შეიძლება, არც დასჭირდეს“,- განაცხადა ირმა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მოსწავლე დაშავდა. 11 წლის ბავშვი სკოლის ეზოს ჯებირიდან გადმოვარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.