ექიმის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ექიმის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის რეანიმატოლოგ ქეთი კუპატაძის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე თქმით, გენადი ბესტაევს ნეიროქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, თუმცა პროგნოზებზე საუბარი ჯერ ადრეა.

„ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში ცხინვალის სამედიცინო ცენტრიდან გადმოყვანილი იქნა 52 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა სპონტანური ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, გავრცელებით საკმაოდ ღრმა სტრუქტურებში. ჩატარდა ნეიროქირურგიული ჩარევა, ჰემატომის ევაკუაცია იქნა გაკეთებული. ამ ეტაპზე მკურნალობას განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით პროგნოზებზე საუბარი ნაადრევია. შემოყვანილია უგონო მდგომარეობაში, მართვითი სუნთქვით. პროგნოზებზე საუბარი ნაადრევია, საკმაოდ მძიმე პაციენტია. გართულებები მოსალოდნელია, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა რეანიმატოლოგმა ქეთი კუპატაძემ.

უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ოკუპირებული ცხინვალიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

„ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის გაუარესების დღიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანასთან დაკავშირებით, ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი აამოქმედა. ამ პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი. გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მუდმივ რეჟიმში იღებდა ინფორმაციას“, – განაცხადეს სუს-ში.