ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, მედიკამენტი „ტამიფლუ“ დღეიდან უფასოდ გაიცემა
ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, მედიკამენტი „ტამიფლუ“ დღეიდან უფასოდ გაიცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს, – აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატი თავიდანვე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს.

„მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის – პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება.

მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრაზე გუშინ განაცხადა, რომ ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს“ საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს. მედიკამენტი დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სააფთიაქო ქსელებში გაიცემა. მოქალაქე პრეპარატს ექიმის დანიშნულებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის ფორმა N100-ის წარდგენის შემდეგ მიიღებს.

ამასთან, დღეიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება. ამ დრომდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის არეალი რჩებოდა. „ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

დატოვე კომენტარი