ექიმი ნინო გოგორიშვილი - გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალობა კანონმდებლობის დაცვით მიმდინარეობდა, გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა დისკრედიტაციის მცდელობაა  
ექიმი ნინო გოგორიშვილი - გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალობა კანონმდებლობის დაცვით მიმდინარეობდა, გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა დისკრედიტაციის მცდელობაა  

გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებით, საფუძველს მოკლებულია ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ბრალდება, რომ მან სააკაშვილთან დაკავშირებით გარკვეული სამედიცინო დოკუმენტაცია დამალა.

ნინო გოგორიშვილის თქმით, მკურნალობის პროცესზე ყველა ინფორმაცია ცნობილი იყო და გადაეცემოდა ცენტრ „ემპათიას“, ასევე სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ სამედიცინო კომისიას.

„მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბრალდებები სრულიად საფუძველს მოკლებულია. იმ პერიოდში სააკაშვილის მკურნალობა სახელმწიფო კონსილიუმთან შეთანხმებით მიმდინარეობდა. მკურნალობის პროცესზე ყველა ინფორმაცია ცნობილი იყო და გადაეცემოდა ცენტრ „ემპათიის“ როგორც თავმჯდომარეს, ასევე წევრებს, სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ სამედიცინო კომისიას. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, სააკაშვილის გაწერა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით წარმოებდა“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა ექიმს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადების კიდევ ერთ ნაწილს, სადაც ის ამბობს, რომ შესაძლოა, „მაგნიტსკის“ სიაში ნინო გოგორიშვილიც მოხვდეს.

გოგორიშვილის განცხადებით, გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა დისკრედიტაციის მცდელობაა.

„მიმაჩნია, რომ რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა საქართველოს ექიმების დისკრედიტაციის მცდელობაა. პაციენტის მკურნალობა, გაწერა და ყველაფერი საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობდა. „ფორმა 100“ არსებობს, რომელიც არის სამედიცინო დოკუმენტაცია. უზარმაზარი „ფორმა 100“ არსებობს. არ ვიხსნი პასუხისმგებლობას, მე ვიყავი მისი უშუალო მკურნალი ექიმი, მაგრამ მკურნალობა კონსილიუმთან შეთანხმებით მიმდინარეობდა“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

კითხვაზე, – „გორის ჰოსპიტალში“ სააკაშვილის მკურნალობის პერიოდში ხომ არ გაგჩენიათ ეჭვი მოწამვლაზე? – ნინო გოგორიშვილმა თქვა, რომ ასეთი ეჭვი არ გასჩენია. „არა, არანაირად“, – განაცხადა გოგორიშვილმა კითხვის საპასუხოდ.