ექიმი ნინო გოგორიშვილი აცხადებს, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო ნიკა გვარამიას არასწორად გავრცელებული განცხადებების გამო და იმედს გამოთქვამს, რომ ამ თემაზე სპეკულაციებს ადგილი აღარ ექნება

გორის სამხედრო ჰოსპიტალმა ექიმ ნინო გოგორიშვილის ვიდეოკომენტარი გაავრცელა.

როგორც გორის ჰოსპიტალში აცხადებენ, ნინო გოგორიშვილი მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი აღარ იქნება, რის მიზეზადაც მასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ასახელებს და განმარტავს, რომ მცდარი ინფორმაციებით ზეწოლის პირობებში, პაციენტის მკურნალობის გაგრძელება მისთვის რთულია, როგორც მორალურად, ასევე ადამიანურად.

ნინო გოგორიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებების და ბრალდებების გამო მიიღო. ექიმი იმედს გამოთქვამს, რომ სპეკულაციებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ადგილი აღარ ექნება.

„მინდა, გავაკეთო მოკლე კომენტარი იმ ბრალდებებზე და მოვლენებზე, რაც ბოლო დღეებში მუსირებს პრესაში. კონკრეტულად, პირველ რიგში ის, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა მე მივიღე მაშინ, როცა ვუყურებდი პირდაპირ ტრანსლაციას ნიკა გვარამიას ინტერვიუს სახით, როდესაც გამოვიდა ჰოსპიტლიდან და ტელემედიას მისცა თავისი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია იყო მიღებული ჩემგან, მაგრამ ინტერპრეტირებული ისე, როგორც აწყობდა მას. ასე რომ, ეს ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი და მას შემდეგ, რაც გაიჟღერა ნიკას გვარამიას არხით და უშუალოდ ნიკა გვარამიასგან, მე ვერ ვიქნები მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი და ვთვლი, რომ ამ ეტაპზე, ამ მომენტში უნდა შეწყდეს ნებისმიერი კომენტარი და ლაპარაკი ჩემი პიროვნებისა და ჰოსპიტლის შესახებ“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.