ექიმი - მოსწავლეთა ინტოქსიკაციის მიზეზი წყლის დიდი რაოდენობით მიღება ვერ გახდებოდა
ექიმი - მოსწავლეთა ინტოქსიკაციის მიზეზი წყლის დიდი რაოდენობით მიღება ვერ გახდებოდა

ფიზიკური დატვირთვის შემდეგ წყლის დიდი რაოდენობით მიღება მოსწავლეთა ინტოქსიკაციის მიზეზი ვერ გახდებოდა, – ამის შესახებ პირველ არხს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მთავარმა ექიმმა, ნანა გიორგაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მოსწავლეებმა ონკანის წყალი მიიღეს, რის შემდეგაც გულისრევა და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ.

„მოზარდები რჩებიან სამედიცინო ცენტრში და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს კვლევა მოწამვლის მიზეზების დასადგენად“, -განაცხადა ნანა გიორგაძემ.

ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლიდან დღეს რამდენიმე მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ამის მიზეზი გაზის გაჟონვა ან სასმელი წყალი ყოფილიყო. მოგვიანებით, სკოლის დირექტორმა, ნანა კენჭოშვილმა განაცხადა, რომ სკოლა გაზის კომპანიამ  შეამოწმა და დადასტურდა, რომ გაზის გაჟონვას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, ბავშვები შეუძლოდ სავარაუდოდ, სპორტის გაკვეთილის შემდეგ დიდი რაოდენობით წყლის მიღების გამო გახდნენ.